09 June, 2008

საქართველოს ელექტრონული ატლასი

ამუშავდა ახალი ვებ საიტი map.dlf.ge, რომელიც მთლიანად ორიენტირებულია გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემების განათლებაში ინტეგრაციაზე. გის-ის ღია სერვისების გამოყენებით მოსწავლეს თუ ნებისმირ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს არა მარტო გამოიყენოს ინტერნეტში გამოქვეყნებული გეოგრაფიულ მონაცემთა ბაზა, არამედ თავად გახდეს კონტრიბუტორი. აქ შეეძლება მას გაეცნოს უახლეს, ღიად გავრცელებად გის პროდუქტებს.

20 March, 2008

YOUTUBE - ვიდეო ფაილები ყველასათვის

იუთუბი - არ ვიცნობ ადამიანს, ვისაც ერთხელ მაინც არ სმენოდეს ეს სიტყვა და არ იცოდეს რას ნიშნავს ის. თუ თქვენ არ ხართ მათ რიცხვში, მაშინ გილოცავთ, რადგან წინ დიდი ბედნიერება გელოდებათ, პირველად ნახვის ბედნიერება.
სწორედ ნახვის იმიტომ, რომ ეს არის ვებსაიტი ვიდეო ფაილების სანახავად, ასატვირთად და გასაზიარებლად. აქ თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ ვიდეო კლიპი ნებისმიერი გემოვნების და ინტერესის დასაკმაყოფილებლად. ადმინისტრატორები ყველანაირად ცდილობენ უცენზურო კლიპები არ მოხვდეს საიტზე.
რა რაოდენობის და შინაარსის მასალა შეგიძლიათ მოიძიოთ იუთუბში? თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აქ ნებისმიერ მსურველს შეუძლია ფაილების ატვირთვა და იმასაც, რომ იგი არის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ვიდეო საცავი, ადვილი მისახვედრია, იუთუბზე თქვენ ნახავთ ყველაფერს სასწავლო-სამეცნიერო დანიშნულების ვიდეოებით დაწყებული მობილურით გადაღებული კადრებით დამთავრებული. უბრალოდ თქვენთვის საინტერესო სფეროსთან დაკავშირებული სიტყვა(ები) ჩაწერეთ ძიების გრაფაში და დააწკაპეთ ძიებას (Search). მაგალითად, აკრიფეთ World war one და ნახავთ ვიდეო მასალებს პირველი მსოფლიო ომის შესახებ, ან Great wall და თქვენს წინაშეა ჩინეთის დიდი კედელი და ა.შ. რა თქმა უნდა, მოგიწევთ მასალების შერჩევა-ფილტრაცია, სანამ მოსწავლეებს მიაწვდით, მაგრამ, დამეთანხმებით, ახალი გაკვეთილის ახსნის ან თემაზე მუშაობისას განუზომელი ეფექტი აქვს ვიზუალურ მასალას.

ლემილში თქვენ იხილავთ უფრო დაწვრილებით ინსტრუქციებს, თუმცა ნუ გადადებთ, მოძებნეთ ინტერნეტში საიტი www.youtube.com.

12 February, 2008

გუგლ დედამიწა - Google Earth


გუგლ დედამიწა არის ელექტრონული, ვირტუალური გლობუსი , რომელიც შექმნილია სატელიტური და აერო ფოტო გადაღებების და რელიეფის სამგანზომილებიანი მოდელის გაერთიანების შედეგად. პროგრამას აქვს ყველა საშუალება დედამიწის ზადაპირის ზოგადი ანალიზის ჩასატარებლად. ნავიგაციის, გეოგრაფიული ადგილების ძიების, სხვადასხვა გეოგრაფიული ფენის დამატების, მანძილების გაზომვის ფუნქციებთან ერთად, მას გააჩნია საკუთარი პროექტის შედგენის (გეოგრაფიული ობიექტების დატანა, შენახვა, გამოქვეყნება), გამოსახულების შენახვის, ბეჭდვის და სხვა შესაძლებლობები.
გუგლ დედამიწის გამოყენება სასწავლო პროცესში, ვფიქრობთ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოსწავლეებში სივრცით-დროითი ორიენტაციის უნარის განვითარებას.

29 January, 2008

სასწავლო რესურსების საცავი ინტერნეტში

შესაძლოა მასწავლებლები უკვე იცნობენ ლემილს (LeMill - Learning Mill -სასწავლო წისქვილი), ღია და უფასო სასწალო რესურსების საცავს ინტერნეტში. ამ პროექტის სამიზნე ჯგუფია მასწავლებლები და სასწავლო მასალების სხვა ავტორები, თუმცა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მისი გამოყენება. ორიგინალური ვერსია გაშვებულია მისამართზე lemill.net, სადაც დღემდე შეიქმნა არაერთი ქართულენოვანი რესურსი.
სულ ახლახანს ფონდ "ირმის ნახტომის" ინიციატივით სრულად ითაგმნა და ქართულ სერვერზე განთავსდა ლემილი. მისი ახალი მისამართია ge.lemill.net. აქ მასწავლებლებს შეუძლიათ განათავსონ არა მარტო თავიანთი სასწავლო რესურსები და საგაკვეთილო გეგმები ინდივიდუალურად, არამედ მონაწილეობა მიიღონ ჯგუფურ მუშაობაშიც.
ვფიქრობთ, ლემილი დაგეხმარებათ სასწავლო პროცესის და პროფესიული თანამშრომლობის უკეთ კოორდინაციაში.
ლემილში დარეგისტრირებისა და ახალი მასალების განთავსებისთვის იხილეთ მცირე გზამკვლევი.


04 December, 2007

მოგესალმებით!

ფონდი ”ირმის ნახტომი” ქმნის მასწავლებელთა პროფესიულ ქსელებს საგნიბრივი ჯგუფების მიხედვით. ეს ბლოგი შექმნილია საზოგადოებრივ მეცნიერებათა საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სასწავლო პროცესში ინტეგრირებით. ქსელის მიზანია, რაც შეიძლება, მეტი მასწავლებლის გააერთიანებით, დააკავშიროს ისინი ერთმანეთს გამოცდილების გაზიარების, თანამშრობლობის გააქტიურების მიზნით; კოორდინაცია გაუწიოს და ხელი შეუწყოს ახალ ინიციატივებს, სასწავლო რესურსების, მეთოდების, საავტორო ხელსაწყოების შექმნას.
აქ შეგიძლიათ გამოხატოთ თქვენი დაინტერესება.