20 March, 2008

YOUTUBE - ვიდეო ფაილები ყველასათვის

იუთუბი - არ ვიცნობ ადამიანს, ვისაც ერთხელ მაინც არ სმენოდეს ეს სიტყვა და არ იცოდეს რას ნიშნავს ის. თუ თქვენ არ ხართ მათ რიცხვში, მაშინ გილოცავთ, რადგან წინ დიდი ბედნიერება გელოდებათ, პირველად ნახვის ბედნიერება.
სწორედ ნახვის იმიტომ, რომ ეს არის ვებსაიტი ვიდეო ფაილების სანახავად, ასატვირთად და გასაზიარებლად. აქ თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ ვიდეო კლიპი ნებისმიერი გემოვნების და ინტერესის დასაკმაყოფილებლად. ადმინისტრატორები ყველანაირად ცდილობენ უცენზურო კლიპები არ მოხვდეს საიტზე.
რა რაოდენობის და შინაარსის მასალა შეგიძლიათ მოიძიოთ იუთუბში? თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აქ ნებისმიერ მსურველს შეუძლია ფაილების ატვირთვა და იმასაც, რომ იგი არის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ვიდეო საცავი, ადვილი მისახვედრია, იუთუბზე თქვენ ნახავთ ყველაფერს სასწავლო-სამეცნიერო დანიშნულების ვიდეოებით დაწყებული მობილურით გადაღებული კადრებით დამთავრებული. უბრალოდ თქვენთვის საინტერესო სფეროსთან დაკავშირებული სიტყვა(ები) ჩაწერეთ ძიების გრაფაში და დააწკაპეთ ძიებას (Search). მაგალითად, აკრიფეთ World war one და ნახავთ ვიდეო მასალებს პირველი მსოფლიო ომის შესახებ, ან Great wall და თქვენს წინაშეა ჩინეთის დიდი კედელი და ა.შ. რა თქმა უნდა, მოგიწევთ მასალების შერჩევა-ფილტრაცია, სანამ მოსწავლეებს მიაწვდით, მაგრამ, დამეთანხმებით, ახალი გაკვეთილის ახსნის ან თემაზე მუშაობისას განუზომელი ეფექტი აქვს ვიზუალურ მასალას.

ლემილში თქვენ იხილავთ უფრო დაწვრილებით ინსტრუქციებს, თუმცა ნუ გადადებთ, მოძებნეთ ინტერნეტში საიტი www.youtube.com.